Gvantsa Kakauridze
2 min readOct 30, 2018

--

სად წავიდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები

ტერორიზმი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება. წლებია გამუდმებით ვიგებთ ფაქტებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ტერორისტულ აქტებსა და თავდასხმებზე. მიუხედავად იმის, რომ დრო და დრო გარკვეულწილად იკლებს მასებზე ზემოქმედების ამ აგრესიული იარაღის გამოყენების შემთხვევები, ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება მისი აღმოფხვრა. მართალია, ტერორიზმის ფენომენი საუკუნეებს ითვლის, თუმცა იმ სახით რომლითაც დღეს იგი არსებობს მხოლოდ ათეულ წლებს მოიცავს და სწორედ 21-ე საუკუნეში მიღწია მსხვერპლთა რაოდენობით რეკორდულ ნიშნულს. მაგალითად 2014 წელს, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43, 566-ს, ხოლო დაშავებულთა — 41, 061 ადამიანს მიაღწია. მსხვერპლთა ასეთი რაოდენობა უმეტესწილად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებასა და გააქტიურებას უკავშირდება. აღნიშნული ორგანიზაცია ამჟამად უკვე დაშლილად და განადგურებულად ითვლება, თუმცა არის მთელი რიგი ასპექტები რომელთა გათვალისწინებაც კვლავ აუცილებელია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით არის დაჯგუფების ყოფილი მებრძოლების ამჟამინდელი განთავსების არეალი.

„ისლამური სახელმწიფოს“ 40,000-ზე მეტი მებრძოლიდან დღეისთვის არაოფიციალური, დაუზუსტებელი მონაცემებით 5,000–10,000-მდე მებრძოლი რჩება, რომელთაგან სამი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება, იმისდა მიხედვით თუ სად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. კერძოდ, ძირითადი, ე.წ. “მებრძლოთა ბირთვი“ სავარაუდოდ ერაყსა და სირიაში რჩება და მიწისქვეშა წინააღმდეგობაში გადაინაცვლა. მეორე ჯგუფი, რომელთაც „პოტენციურ აგენტებსაც“ უწოდებენ და აკრძალული აქვთ მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნება, სავარაუდოდ ახლო მდებარე სახელმწიფოებში დაიდებენ ბინას. ასეთი ქვეყნების რიგშია იემენი, ლიბია, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოები ან ავღანეთი. ამ ჯგუფის წევრები თავდაპირველი მუჯაჰედებისა და ტრანსნაციონალური ჯიჰადისტების შთამომავლები არიან. მესამე ჯგუფს რაც შეეხება, ის ე.წ. „დაბრუნებულებს“ აერთიანებს. ეს მებრძოლთა ის ნაწილია, რომელიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და არა მარტო მათ, ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. მათი გადადგილების არეალი ძირითადად ტუნისს, საუდის არაბეთს, ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს. მიუხედავად იმისა რომ ამ რეგიონებში უსაფრთხოების შედარებით მაღალი სტანდარტები აქვთ, მაინც რთული იქნება ყოფილი მებრძოლების გაკონტროლება, მით უმეტეს რომ თავად ამ ჯგუფშიც განასხვავებენ ქვეკატეგორიებს. მაგალითად, „იმედგაცრუებულთა“ ქვეჯგუფი წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც დიადი იდეების მხრადასაჭერად, თავგადასავლების ძიებისა და რელიგიური იდენტობის გამოხატვის მიზნით დატოვეს საცხოვრებელი ადგილები და შეუერთდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, თუმცა სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ იმედგაცრუებულები დარჩნენ და დამოუკიდებლად ცდილობდნენ საკვების მოპოვებასა და ომისგან გადარჩენას. მიუხედავად უარყოფითი გამოცდილებისა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება ლიდერებმა მაინც გამოიყენონ ახალგაზრდების ახალი ნაკადების რადიკალიზების მიზნით, რაც თავის მხრივ გარკვეულ საფრთხეს უქმნის დასავლეთს. მეორე ქვეჯგუფს რაც შეეხება, მათ ე.წ. „განცალკევებულ თუმცა არა იმედგაცრუებულ“ ჯგუფს უწოდებენ. მათ სხვადასხვა მიზეზების (ქორწინების, ბრძოლისგან დაღლის, ოჯახის მონატრების…) გამო შეწყვიტეს ბრძოლა და უკან სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა კვლავ ჯიჰადიზმთან არიან ასოცირებულები. მაგალითად, ერთ-ერთმა ასეთმა მებრძოლმა განაცხადა: „მე დავტოვე აისისი (ISIS), თუმცა თუ კიდევ სადმე დაიწყება ბრძოლები, სავარაუდოდ ისევ წავალ“. ბოლო ქვეჯგუფში კი ე.წ. „საოპერაციო“ (operational ) პირები ერთიანდებიან, რომლებიც შეეცდებიან პასიური ქსელების აღდგენას, ახალი წევრების გაწვევას ან „მარტოხელა მგლის“ სტილის ტერორისტული შეტევების განხორციელებას. ისინი ყველაზე საშიშ ჯგუფს წარმოადგენენ, თუ გავითვალისწინებთ რომ სწორედ ასეთი ჯგუფების მიერ იქნა 2015 წლის ნოემბერში პარიზში თავდასხმები მოწყობილი.

დასავლეთისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების გაკონტროლება საკმაოდ რთული იქნება და საჭიროებს კომბინირებულ და სისტემურ ნაბიჯებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ევროკავშირის წევრ და მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისას.

--

--